მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: საქართველოს მთავარი პრობლემა არის იმპორტზე დამოკიდებულება

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პრობლემა იმპორტზე დამოკიდებულებაა.

ბახტაძის თქმით, ქვეყნის ამოცანა კონკურენტუნარიანი საექსპორტო საქონლის წარმოება და მისი მეშვეობით სავაჭრო დეფიციტის შემცირება უნდა იყოს.

"საქართველოს მთავარი პრობლემა არის დამოკიდებულება იმპორტზე, მე ავხსენი ეს საკითხი, და ჩვენი მცირე ზომა. შესაბამისად, ამოცანა არის სწორედ ეს, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ." - ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობა 1 133.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. იმპორტი 3.1%-ით შემცირდა 2 726.7 მილიონ აშშ დოლარამდე. ამგვარად, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი ბრუნვის 41.3% იყო.

ბახტაძემ ასევე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდება.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, უახლეს ისტორიაში, რომელმაც შეძლო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა ორჯერ."

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიით, 2018 საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ით შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7% შეადგინა

რა არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი?

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში ფულის შემოდინების და გადინების ერთ-ერთი მთავარი საზომია. კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, მიმდინარე ბალანსი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს შეადგენს. ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი სამ კრიტერიუმად იყოფა: პირველი საგარეო ვაჭრობის, ანუ საქონლითა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსია. მეორე - შემოსული და გასული საინვესტიციო შემოსავლების ბალანსი. ეს, ერთი მხრივ, პლუსის სახით ასახავს ქართველი ინვესტორების მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავლებს, მინუსით კი იმ შემოსავლებს, რაც უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის მესამე კრიტერიუმი ცალმხრივი გადარიცხვების და გადმორიცხვების ბალანსია. ამაში შედის როგორც უცხოური დახმარება და გრანტები, ისევე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული მათი ახლობლებისთვის.

როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც მეტი ადამიანია მიდრეკილი უფრო მდიდარ ქვეყნებში ეძებოს სამუშაო და ამგვარად დაეხმაროს ოჯახის წევრებს სამშობლოში.

მიმდინარე ანგარიში მაშინაა უარყოფითი, როცა ამ სამი კრიტერიუმის დაჯამების შედეგად, ქვეყნიდან მეტი ფულია გასული, ვიდრე შემოსული.

 

კომენტარები