დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ამბობს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობიდან 7 ივნისს გადადგება, რითიც მისი 3-წლიანი პრემიერმინისტრობაც დასრულდება.

ემოციურ მიმართვაში, რომელიც მან დაუნინგ სთრითზე გააკეთა, მეიმ აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი, რომლის მიხედვითაც ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება აირჩია, სისრულეში მოეყვანა. 

ამასთან, მეი ამბობს, რომ ყოველთვის დასანანი იქნება, რომ ბრექსითი მან ვერ მოიტანა. მეის თქმით, ახალი პრემიერმინისტრის არჩევა "ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედიოდა". 

ტერეზა მეის თქმით, ის პრემიერმინისტრის პოსტს იქამდე დაიკავებს, სანამ კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.

აღსანიშნავია, რომ მეი გეგმავდა პარლამენტს ბრექსითის გეგმა ხელახლა ივნისის დასაწყისში წარედგინა, თუმცა მისივე პარტიაში გეგმა დაიწუნეს. მან მხარდაჭერა ვერც ლეიბორისტულ პარტიაში მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც მეისა და ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას შორის ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა მეი გეგმის მხარდასაჭერად კანონმდებლების მისამხრობად რამდენიმე დათმობაზე წავიდა, მათ შორის პარლამენტში მთავრობის მიერ შემუშავებული ბრექსითის გეგმაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე კენჭისყრის დაპირება, კენჭისყრა საბაჟო კავშირის თაობაზე, რომელიც მოიცავს მეის შემოთავაზებას დროებით საბაჟო კავშირის შესახებ, 2020 წლამდე ე.წ. "ბექსტოპზე" ალტერნატიული შეთანხმების მიღწევის ვალდებულების აღებას.

თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა პარლამენტში ბრექსითის ამკანონპროექტის წარდგენაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეის კონსერვატიული პარტიის წევრები პარტიის ხელმძღვანელობას წესების შეცვლას სთხოვდნენ, რათა მეისთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ. ვინაიდან მეის უნდობლობა გასული წლის დეკემბერში დაძლია, პარტიის არსებული წესებით მას უნდობლობას 12 თვის მანძილზე ვეღარ გამოუცხადებდნენ.

წარსულში მეიმ თქვა, რომ თანამდებობას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა, რაც ბრექსითის პროცესს დაასრულებდა.

კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები