გაფიცული მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო, ისინი 11 დღეა შიმშილობენ

რუსთავი 2

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. დღეს შმშილობის მე-11 დღე არის. გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად დღეს ქალაქში მსვლელობა მოეწყო, მსვლელობას სკოლის მსოწავლეებიც შეუერთდნენ, როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ მხარდაჭერას უცხადებენ სკოლის მასწავლებლებიც.

მაღაროელები მთავრობას და პრემიერმინისტრს მიმართავენ, რომ ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ მათ პრობლემებს. ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი ხელფასის 15%-იან მატებას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ მათ გაფიცულ მაღაროელებს იმის მაქსიმუმი შესთავაზეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებს, "პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს" და კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

11 დღეა, ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ, მაღაროელებმა თქვეს, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, უარი მიიღეს. ამიტომ, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მათ ჭიათურის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სამსახურები უნდა დატოვონ. ასევე, კომპანიის ტრანზაქციებით სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მსვლელობის შემდეგ გაფიცულები ჯორჯიან მანგანეზის შენობასთან, კარვებში დაბრუნდნენ და პროტესტი გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი შიმშილობს კიდეც. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პირიც ამოიკერა. 

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლო დავას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.

კომენტარები