ევროპული საქართველო

ბოკერია: შავგულიძეს ტალახს ისინი ესვრიან, ვინც კარიერა ენმ-ს მმართველობის დროს აიწყო

გიგა ბოკერია
პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის, გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი გამოსვლა საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს, მიუძღვნა.

ბოკერიამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შავგულიძე ყველაზე მწვავე ოპონენტი იყო წინა ხელისუფლების და ქართული ოცნებიდან ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, როდესაც დაინახა, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავდა. 

"შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის ერთერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი იყო იმ საქმეში, რომელიც იმ გუნდის ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ყველაზე მძიმე პოლიტიკური დანაშაული და სირცხვილი. ეს კაცი მერე თქვენს გუნდში იყო და მანამ, სანამ სარალიძის საქმე მოხდებოდა, მანამ, სანამ ურემი გადატრიალდებოდა, დაინახა, რომ თქვენ და ივანიშვილს ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავდა და ამიტომ პრინციპულად დაგშორდათ. მერე იპოვა საერთო ენა იმ გუნდთან, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს ამას და იძახის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ მეტი ასეთი ამბები აღარ ხდებოდეს არცერთი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ რამდენადაც სამართლიანია ჩემ მიმართ ეგ პრეტენზია, რომ ვიღაცამ თქვას, რომ მაინც არ გპატიობთ, თქვენი ბრალიაო, იმდენად უზნეოა შავგულიძის მიმართ ამ ტალახის გამოყენება,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიამ ქართული ოცნების იმ წევრებს, რომლებიც შავგულიძეს მასთან ალიანსის გამო აკრიტიკებენ, მათი პოლიტიკური წარსული შეახსენა, როდესაც სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ისინი მაღალ თანამდებობას იკავებდნენ. 

"შალვა შავგულიძისადმი ტალახის სროლა თან ვისგან? მაგალითად, ვანო ზარდიაშვილისგან, რომელიც ზურა ადეიშვილის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო ბოლო წამამდე. თავისი კარიერა იქ მიღწეული ურთიერთობებით ააწყო. მერე ახალ მთავრობაში გადახტა. მაგალითად, გაგა კახიანი, რომელიც დათო საყვარელიძის შტაბის უფროსი იყო არჩევნებში 2012 წლამდე. მაგალითად, კახი კალაძე, რომელსაც ფინანსური პრობლემა რომ არ ჰქონოდა, სააკაშვილის სახე იყო არჩევნებში. მაგალითად, ლადო კახაძე, თქვენი კანდიდატი, ყველა მთავრობის მედროვე. ჯერ ერთი ოპოზიციიდან გავიდა, მერე გადავიდა მოქალაქეთა კავშირში. ჩვენი მთავრობის დროს ვერაფერი მიიღო, ძაან უნდოდა თუმცა. მერე თქვენ დროს ბურჭულაძესთან მივიდა, იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა. რომ წააგო ბურჭულაძემ, თქვენთან გადმოხტა - იმ მთავრობასთან, რომელიც ბურჭულაძეს დევნის. უსინდისო და უპრინციპო ხალხი უკითხავთ მორალს შალვა შავგულიძეს. აბსოლუტურად უზნეო ხალხი, რომელსაც ყველა მთავრობასთან სურს, რომ იყოს, ჩვენს მთავრობასთან ბოლო წამამდე იყო და გადახტა მერე თქვენ მთავრობაში, თქვენ მიიღეთ, და ახლა შალვას, რომელიც არის პრინციპული კაცი, ჩვენც გვიპირისპირდებოდა, როცა მართალი იყო და ჩვენ მტყუანი, თქვენ დაგშორდათ, როცა დაინახა, რომ უფსკრულისკენ მიაქანებთ ქვეყანას, იმას ტალახს ასხამთ?"- თქვა ბოკერიამ. 

დავით მათიკაშვილმა თავისი გამოსვლა სრულად შავგულიძეს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო შავგულიძის ის ინტერვიუ, სადაც მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბიშვილის საქმეზე საკნიდან გაყვანის ეპიზოდი აღნიშნა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევად მიიჩნია და მთავრობას საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. 

"კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა შალვამ გააკეთა მედიასთან, სადაც თქვა, რომ მას არ ახსოვს და არ იცის, თუ რის გამო იხდის ბაჩო ახალაია სასჯელს. ხოლო ვანო მერაბიშვილზე ახსენა ე.წ საკნიდან გაყვანის ეპიზოდი, რაზედაც ევროსასამართლომ პირდაპირ, ცალსახად მიუთითა, რომ ამ პროცესუალურ ეპიზოდს არანაირი კავშირი არ აქვს ვანო მერაბიშვილისადმი წაყენებულ არსებით ბრალდებებზე, რომელზედაც არაერთი განაჩენია დამდგარი. ეს შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია ამ პასუხმა, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, ყველა ის პირი, ვისაც ასე თუ ისე, მეტნაკლებად შეეხო იმ ხელისუფლების, რომელსაც ეპითეტებით აღარ შევამკობ, თუმცა შემიძლია, მსახრავი ხელი, შოკში იყო იმ პოზიციით, რა პოზიციაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა, ბატონმა შალვა შავგულიძემ გუშინ დააფიქსირა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სასჯელს იხდიან იმ მრავალ პირთან ერთად ბაჩო ახალია და ივანე მერაბიშვილი და ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა?" - თქვა მათიკაშვილმა.

კომენტარები