თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

პარლამენტი დღეს მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს

reginfo,ge

პარლამენტი დღეს, 29 მაისს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს.

კომისიის შექმნა ოპოზიციის ინიციატივაა, რომელსაც დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მხარს არ დაუჭერს.

"საღი აზრის ფარგლებში ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი კომისიის შექმნას. მათივე არგუმენტებს ეწინააღმდეგება ის პოზიცია, რომ იცით, რა, საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ იქ სადღაც, რაღაც ხდება. საგამოძიებო კომისია შეიქმნას და მოდით, თუ ვახა მაჩალიკაშვილს აბრალებთ იმას, რასაც აბრალებთ, ხო გამოჩნდება, ერთხელ და სამუდამოდ ხომ გაირკვევა სიმართლე, მაგრამ არ უნდათ,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მაჩალიკაშვილის საქმეზე ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას წინ აღუდგება. 

"რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ახლა წინ აღუდგება უკვე მაჩალიკაშვილის საქმეზე ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს,"- ამბობს ჭიაბერაშვილი. 

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის. 

"მანამ, სანამ სამართალდამცავთა მხრიდან არ არის ამოწურული გამოძიების, ასე ვთქვათ, ეტაპი, რაიმე სახის დამატებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. რა კითხვებიც გვქონდა მეტნაკლებად, ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელისგან, როცა დახურულ ფორმატში გვქონდა შეხვედრა,"- ამბობს დავით მათიკაშვილი. 

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ელოდება, თუ არა, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რაზეც მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიმართლემ ოდნავ მაინც რომ გაჟონოს, ქართულ ოცნებას ხელისუფლება თავზე ჩამოენგრევა და სწორედ ამიტომ, ისინი კომისიას არ შექმნიან. 

"პატარაც რომ გაჟონოს თემირლანის სიმართლემ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მეც და ნახევარი ქვეყანაც, ქვეყნის გარეთაც, ამათ თავზე დაემხობათ ეს ხელისუფლება. ამიტომ, ისინი არც კომისიას შექმნიან, არც დაზარალებულის სტატუსს მომანიჭებენ, არც ევროპაში გამიშვებენ. ყველანაირად შეზღუდული ვარ და მე მაინც რა გეგმებიც მაქვს, მე ამათ ვათქმევინებ. მე ვათქმევინებ არა კონკრეტულ ადამიანებს, რომ ისინი დამნაშავეები არიან. არამედ, ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ დააშავა ჩემ წინააღმდეგ,"- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლანმაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

უკვე ერთი წელია, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყვეტ აქციებს მართავს მოთხოვნით, გამოიძიონ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. 

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს. 

კომენტარები