ზონალურ-საათობრივი პარკინგი

ზონალური პარკირება აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში ივლისის ნაცვლად აგვისტოდან ამოქმედდება

ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მიზეზი საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანებაა.

„გასულ კვირას, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანი ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის გზით. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები. შევიძინეთ 90 MAN-ის მარკის ავტობუსი. 50 ერთეული ავტობუსი ადგილზეა, დანარჩენი 40 კი ერთ თვეში იქნება დედაქალაქში და მოემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 220 8- ეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე და ისინი აგვისტოს ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა. ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების 1 აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ. ზონალურ-საათობრივი პარკირება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. იქამდე, მოქალაქეები შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იქნება პარკირების საფასური და როგორ მოხდება მისი გადახდა“, - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის.

"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მომავალში, სხვა არეალების დამუშავების მიზნით, პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან.

კომენტარები