აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლის გატაცებიდან 2 წელი გავიდა, საქმე კვლავ გამოუძიებელია

0 კომენტარი
აფგან მუხთარლი ფოტო: Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ ორი წელი გავიდა.

ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ის საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სასჯელს დღემდე იხდის.

ჟურნალისტის გატაცებიდან ორი წლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლავ მოუწოდებენ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტური გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის.

მათი განცხადებით, გამოძიება უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს.

"პასუხგაუცემელია აფგანის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. ოცდაათზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი განმარტებით, ამჟამად, მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ჟურნალისტის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.

"საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ (მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ, საქმე 39503/17). ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას შეეხება.

აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო იმიჯისათვის. მუხთარლის საქმის გარშემო შეკითხვები რჩებათ საქართველოს პარტნიორებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო; ასევე, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე თქმით, ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად, კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იმიჯს.

"მაშინ როცა, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტურად ჩატარების შემთხვევაში ეს დამატებითი ზიანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული", - აღნიშნავენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSF)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები