დღეს, 2 ივნისს ნიკო ნიკოლაძის ქუჩა #7-ში "უკანასკნელი მისამართი საქართველოს" და "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB)" ორგანიზებით მოხდა მემორიალური ნიშნების დამონტაჟება.
უკანასკნელი მისამართი აღნიშნავს 1937-1938 წლებში რეპრესირებულების - გიორგი ყურულაშვილის, ხათუნა ჭიჭინაძის, გიორგი ქუთათელაძის და მიხეილ ლევანდოვსკის სახელებს.
გიორგი ყურულაშვილი და მისი მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალებით დახვრიტეს. გენერალ ქუთათელაძეს ბრალად ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრობა, ხოლო გენერალ ლევანდოვსკის წითელ არმიაში ტროცკისტულ, სამხედრო-ფაშისტურ შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ. გიორგი ქუთათელაძე 1937, ხოლო მიხეილ ლევანდოვსკი 1938 წელს დახვრიტეს. საბჭოთა რეპრესიები შეეხო მათი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც გადაასახლეს.
მათი რეაბილიტაცია 1956-1957 წლებში მოხდა.
პროექტი "უკანასკნელი მისამართი. საქართველო" საზოგადოებრივი ინიციატივაა, რომლის მიზანია საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების და სახელწმიფოს თვითნებობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფა და ამისათვის ლითონის მემორიალური დაფების განთავსება იმ სახლებზე, სადაც ტერორის მსხვერპლები დაპატიმრებისას ცხოვრობდნენ. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2018 წელს გახდა საერთაშორისო პლატფორმის "უკანასკნელი მისამართის" (რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ჩეხეთი, გერმანია) საქართველოს ორგანიზაციის პარტნიორი და თანადამფუძნებელი.
"პროექტის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა სახელები დაბრუნდეს მეხსიერებაში და ქალაქში გამოჩნდეს ნიშნები, რომ დავინახოთ ტერორის მასშტაბი, გავიხსენოთ ეს ადამიანები და დავსვათ კითხვები, ვინ იყვნენ ისინი და რა მოხდა 1921 წლიდან მოყოლებული ორმოცდაათიანი და მომდევნო წლების ჩათვლით, როდესაც პოლიტიკური რეპრესიები ხდებოდა. ეს არის საერთაშორისო ინიციატივა, ჩვენ ამას გასულ წელს შევუერთდით და ვმუშაობთ, ოღონდ ძალიან რთულად და ნელ-ნელა, რომ ეს მემორიალური ნიშნები გამოჩნდეს ქალაქში. საკანონმდებლო ჩარჩო ამისათვის კეთილგანწყობილი არ არის. წელიწადში რამდენჯერმე თუ ვახერხებთ განცხადების წარდგენას და საზოგადოებაშიც გამოიკვეთა, რომ ასეთი მეხსიერების, კულტურის აღქმა საკმაოდ მოისუსტებს.
ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ მსხვერპლთა შთამომავლებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მათი რეპრესირებული წინაპრების სახელები თითქმის არსად არ ჩანს და თუკი ჩანს, ხაზგასმით არ არის აღნიშნული რისი მსხვერპლი გახდნენ.
ეს არის ერთდროულად საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე საქმიანობა და პროექტი და ასევე მეხსიერების და ხსოვნის ელემენტიც აქვს, რამდენადაც, ჩვენ ვცდილობთ რომ, ასე ვთქვათ, არ დავახარისხოთ მსხვერპლი, ვაჩვენოთ სრული სურათი, რომ ტოტალიტარული რეჟიმის სახე გამოჩნდეს შეულამაზებლად, რომელიც ანადგურებდა როგორც მის რეალურ მოწინააღმდეგეებს, ვინც საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს, ასევე სოციალურად მისთვის მიუღებელ ფენებს ადამიანების და ასევე საკუთარი სისტემის და რეჟიმის წარმომადგენლებსაც, ამიტომ ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი საზოგადოებამ, გაიხსენოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს." თქვა "ტაბულასთან" საუბარში "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიის" მკვლევარმა და "უკანასკნელი მისამართი. საქართველოს" თანადამფუძნებელმა ირაკლი ხვადაგიანმა.