კალანდიას დაკავება

რა თქვა შსს-მ მიხელ კალანდიას დაკავების შესახებ [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა. ამის შესახებ დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უწყებაში ამბობენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით და საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოიპოვეს შესაბამისი მტკიცებულებები. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით, ათამდე პირი არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძებასთან თანამშრომლობის კუთხით, არსებული სირთულეების მიუხედავად, შსს მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით. პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის ეჭვი გაუმყარა. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ. ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შემქნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს შსს-ს მიერ ჯგუფურად დამამძიმებბელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია მიხეილ კალანდია," - თქვეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე. 

უწყება კალანდიას დაკავების ვიდეოს ავრცელებს.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამარლთოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 2018 წელს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, მინისტრები, თვითმხილველები, ექსპერტები და საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები გამოკითხა, დაასკვნა, რომ:

გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მიხეილ კალანდიას როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, კომისია წერდა, რომ: 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მიხეილ კალანდიას და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მიხეილ კალანდია, ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მიხეილ კალანდიას მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომენტარები