ნეპოტიზმი

"ჩემი ცოლის ძმა დავასაქმე, შენსას ხომ არ დავნიშნავდი?" - ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი

ტვ 25

ტვ 25-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ "ქობულეთის სანდასუფთავებაში"15-მდე თანამშრომელი ფაქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი რომანაძემ "ქობულეთის სანდასუფთავებაში" მუშაობა ძმის – მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძის დახმარებით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ყოველთვიურად, გაურკვეველი მიზეზით ხელზე 400 ლარს იღებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომანაძე ბოლო 3 თვე სამსახურში, როგორც თვითონ ამბობს, შვებულების გამო არ ყოფილა. ამის შესახებ კი ააიპის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ არაფერი იცის. 

ასევე, "ქობულეთის სანდასუფთავებაში" მუშაობს სულიკო ბლადაძის ძმა, ნუგზარ ბლადაძეც, რომელიც ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარს იღებს. ტელეკომპანია წყაროზე დარდნობით ამბობს, რომ ის ყოველდღე სახლში და არ მუშაობს. 

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა, ამას ვერავინ იტყვის. ჩემი ძმა ყოველთვის დადის სამსახურში, "დაჟე" შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, რადგან ახლა ზაფხულის სეზონი მეწყება.

ჩემი ძმა აქ მძღოლად მუშაობს და იმუშავებს. ვის ჰკითხეთ, ჩემს ოჯახში რომ მიხვედით? რა იცის მან, მუშაობს თუ არა ჩემი ძმა. მე გეუბნებით, მუშაობს“, – უთხრა ტვ 25-ს ბლადაძემ.

ასევე, ტელეკომპანიის ცნობით, სულიკო ბლადაძემ სამსახურში საკუთარი ცოლის ძმაც დაასაქმა. 

"რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – ასე უპასუხა ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსმა ჟურნალისტის კითხვას ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრისას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ ტელეკომპანიასთან საუბარში თქვა, რომ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ადგილი არ აქვს და თუკი ასეთი დადასტურდება, "ქობულეთის სანდასუფთავების" უფროსთან შრომით ურთიერთობას გაწყვეტენ. 

კომენტარები