აშშ-ჩინეთი

"აშშ-ში გახშირდა ყაჩაღობა და სროლები" - ჩინეთი მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტის რისკებზე აფრთხილებს

Getty Images

ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა თავი შეიკავონ აშშ-ში ტურისტული ვიზიტებისაგან. მიზეზად უკანასკნელ პერიოდში აშშ-ში მომხდარი სროლები სახელდება. კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება დაყაჩაღების რისკის თაობაზეც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მათ მოქალაქეებს აშშ-ში დაკითხვებით აწუხებენ.

"უკანასკნელ პერიოდში აშშ-ში ხშირად ხდება ყაჩაღობა და სროლები. კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახსენებს ჩინელ ტურისტებს აშშ-ში მოგზაურობის რისკებს." ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაიძაბა.

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

გარდა ამისა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. ისინი მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოკავშირე ქვეყნებსაც.

კომენტარები