გაუპატიურება

16 წლის გოგოს თქმით, მეზობელმა გააუპატიურა, მოძალადის ოჯახმა კი მის შვილზე ქორწინება შესთავაზა

0 კომენტარი
ფოტო: ebru.co.ke

ლაგოდეხში 16 წლის გოგომ იმშობიარა. ის ამბობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლია.

REGinfo-ს ინფორმაციით, მე-11 კლასელს სკოლაში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.

გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის კაცმა გააუპატიურა.

"მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ", - ამბობს 16 წლის გოგო REGinfo-სთან.

გამოცემის ინფორმაციით, მშობიარობის შემდეგ მოზარდი ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

REGinfo წერს, რომ გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით კი, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით და მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები