სტიქიით დაზარალებულები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სტიქიით დაზარალებულებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.

შესაბამის მემორანდუმი დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს "ზრდა საქართვლოში" და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა.

"შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ზრდა" ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ", - თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მან მყისიერი თანადგომისთვის ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

USAID მისიის დირექტორი საქართველოში, პიტერ ვიბლერი განმარტავს, რომ მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარია და შესაძლებელია, ტექნიკის შეძენაც.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს კრიტიკული ზარალის ანაზღაურებაში. ჩვენი მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მლნ დოლარია. დახმარების ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენა, რაც მათ მომავალში  საქმიანობას გაუადვილებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი", - ამბობს ის.

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.  

ცნობისთვის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი "ზრდა" ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ამის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები