გაუპატიურება

16 წლის გოგო ამბობს, რომ 40 წლის კაცმა ორჯერ გააუპატიურა - რას ჰყვება ადვოკატი

16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, ამბობს, რომ ის ერთი და იგივე მამაკაცმა ორჯერ გააუპატიურა.

ამის შესახებ ტაბულას ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი ესაუბრა.

ლია ხუროშვილი თქმით, ბავშვი ზუსტად აღწერს რა მოხდა და როგორ. ჰყვება, რომ ეტკინა.

ადამიანი, რომელსაც გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, მისი ნათესავია. ადვოკატის თქმით, გოგოს ბებია და კაცის ბაბუა და-ძმა იყვნენ.

"ბავშვმა აღწერა, რომ ღამით დარჩა თავის მეზობელთან, რომელიც, ამავდროულად, ნათესავია. ამასთან, ამ კაცის შვილი და გოგო კლასელები არიან. სწორედ კლასელმა სთხოვა დარჩი ჩემთან, მშობლები სახლში არ არიანო. მასპინძელმა და-ძმამ ცალკე დაიძინა, ამ გოგომ კი სხვა ოთახში. ის ჰყვება, რომ შუა ღამისას გაიგო, როგორ შევიდა ოთახში მისი კლასელის მამა. პირზე ხელი დამაფარაო და მერე აღწერს გაუპატიურებას. ვკითხე დეტალები და ისე აღწერს, რომ ეჭვი არ შემპარვია. ამბობს, რომ ეტკინა. ეს 2017 წელს მოხდა, მაგრამ მაშინ არ დაორსულებულა", - ამბობს ადვოკატი ტაბულასთან.

ლია ხუროშვილის თქმით, გოგო აღნიშნავს, რომ კაცი მას ემუქრებოდა, რის გამოც მან მშობლებს ვერაფერი უთხრა.

"ამბობს დამაშინა, პატარა დასაც ასე დავმართებო, ძმას მოგიკლავო...", - აღნიშნავს ადვოკატი.

გარდა ამისა, გოგო ჰყვება, რომ მეზობელი კაცი მათ სახლში ხშირად დადიოდა და ბავშვი სხვა ოთახში გადიოდა, რათა მისთვის "არ შეეხედა".

გაუპატიურება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე განმეორდა. გოგო ადვოკატს უყვება, რომ ის კვლავ კლასელის სახლში დარჩა, თუმცა ამჯერად ყველას ერთ ოთახში ეძინა და შემთხვევაც სწორედ აქ მოხდა.

"ისევ სთხოვა კლასელმა მასთან დარჩენა, არავინაა სახლშიო. ჰყვება, რომ ამ დროს ყველამ ერთ ოთახში დაიძინა, კაცი შუა ღამისას დაბრუნდა სახლში და იმ ოთახში გააუპატიურა. ამბობს, რომ პირზე ხელი მიაფარა, ამიტომ ვერც იყვირა და წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. მერე დაემუქრა, დაგიხოცავ ყველას, არსად არაფერი თქვაო", - ამბობს ადვოკატი.

გოგო ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დროს დაორსულდა.

​მან ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ სკოლაში ყოფნის დროს შეუძლოდ არ გახდა. ადვოკატის თქმით, გოგო ჰყვება, რომ მუცლის ტკვილი ბრმანაწლავის გამოწვეული ეგონა.

"სკოლაში გამოძახებული სასწრაფო დახმარების ექიმიც ვერ მიხვდა ვერაფერს. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, იქ ექოსკოპია გადაუღეს და ნახეს, რომ ორსულადაა", - ამბობს ლია ხუროშვილი ტაბულასთან.

16 წლის საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და ამიტომ, დროებით სახლში არაა. ახალშობილი კი კლინიკაში რჩება, დედა ამბობს, რომ მოძალადის შვილს ვერ დაიტოვებს.

ადვოკატის თქმით, მშობლები შვილის სიმართლეში დარწმუნებულები არიან და გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. გამოძიებამ ნიმუშები უკვე აიღო.

მეზობელი ბრალდებებს უარყოფს. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. გამოკითხულია 16 წლის გოგოც - პროცესს სოციალური მუშაკი და თარჯიმანი ესწრებოდნენ, რადგან ბავშვი ეთნიკურად ქართველი არ არის და ენა არ ისიც. აღსანიშნავია, რომ საქმეში ამ დრომდე არ არის ჩართული ფსიქოლოგი.

ადვოკატი ტაბულასთან ამბობს იმასაც, რომ გოგოს სავარაუდო მოძალადის ოჯახმა მის შვილზე ქორწინება შესთავაზა.

"ამბობს, მითხრა ბევროქროს მოგცემ, ოღონდ გაჩუმდიო. გარდა ამისა, ოჯახმა უმცროს შვილზე დაქორწინება შესთავაზა, როცა ის 16 წლის გახდება. ჩემმა ოჯახის წევრებმა ამის გამო იჩხუბეს და სახლიდან გაყარესო", - აღნიშნავს ლია ხუროშვილი.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო მოძალადის შვილზე ქორწინების შეთავაზებას ადასტურებენ ბავშვის მამა და ბიძაც. 

ამ დროისთვის არც გოგოა დაზარალებულად ცნობილი და არც კაცი ბრალდებულად. მათ ჯერ მოწმის სტატუსი აქვთ და გამოძიებას განსხვავებულ ჩვენებებს აძლევენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით და მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

კომენტარები