არჩევნები 2019

Isfed: შალვა შავგულიძის წინააღმდეგ, Facebook-ზე ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს

შალვა შავგულიძე
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებით, 19 მაისის შუალედური არჩევნების შემდეგ, Facebook-ზე განსაკუთრებით გააქტიურდა დისკრედიტაციის კამპანია მთაწმინდაზე ევროპული საქართველო - თავისუფლების კანდიდატის შალვა შავგულიძის წინააღმდეგ. Isfed-ი აღნიშნავს, რომ კამპანიას ორგანიზებული ხასიათი აქვს.

"მადისკრედიტირებელი გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ სპეციალურად კანდიდატის საწინააღმდეგოდ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე პირებთან და, შესაბამისად, ხდება მისი ლანძღვა და მორალური გაკიცხვა. ხშირად, შავგულიძის კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილად და დამახინჯებულად არის გამოტანილი სხვადასხვა ფოტოზე, ხოლო მისი ინტერვიუებიდან ამონარიდები ვიდეო-პოსტებში.

შავგულიძის წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო POSTV-ის მომზადებულია და თან ახლავს შესაბამისი ვიზუალური გაფორმება. პოსტების ნაწილი კი, ტელეკომპანია იმედი TV - ის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული სიუჟეტებია, (მაგალითად, ინტერვიუ და რეპორტაჟი სულხან მოლაშვილის მამასთან) რომელსაც კანდიდატის საწინააღმდეგო სალანძღავი ტექსტები ახლავს თან. საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში გამოყენებული იყო ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალა, რომელიც ფეისბუქმა დაფარა, იქიდან გამომდინარე, რომ ეწინააღმდეგებოდა ფეისბუქის წესებსა და სტანდარტებს" - წერს "სამართლიანი არჩევნები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ივნისს მინიმუმ 4 გვერდზე გამოქვეყნდა შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ერთი და იმავე შინაარსის, თუმცა სხვადასხვა ხანგრძლივობის ვიდეო, რომელსაც განსხვავებული ტექსტი ადევს. გამოქვეყნებული პოსტებს 6 ივნისის მდგომარებით აქტიური რეკლამის სტატუსი ჰქონდა. 

"Facebook-ზე ოპოზიციონერი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მიმართ კამპანიას ცალსახად ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს, რაც გამოიხატება ცრუ მედია გვერდების და მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ ერთგვაროვანი პოსტების და თანმხვედრი, კანდიდატის დამაზიანებელი მესიჯების გავრცელებაში. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ მიმართულ „ფეისბუქ“ კამპანიას POSTV-ის და „იმედის“ რიგი სიუჟეტების ხაზი გასდევს და ძირითადი კონტექსტი მათ მიერ შავგულიძის საწინააღმდეგოდ მომზადებული მასალებიდან იქმნება. მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარე კანდიდატის მადისკრედიტირებელი კამპანიის მთავარი ინსტრუმენტი არის მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორება. ამ მიზნით გაწეული არადეკლარირებული ხარჯი კი, თავისი არსით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. გამოწვევად რჩება, რომ „ფეისბუქ“ რეკლამაში გადახდილი ამ თანხების წარმომავლობის ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება, რასაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო გარემოზე" - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მომზადებულ მასალაში.

Isfed-ი იქვე აღნიშნავს, რომ პოსტები რამდენიმე ანონიმურ გვერდზე ქვეყნდება ლადო კახაძის წინააღმდეგაც, თუმცა მკვეთრად ნაკლები რაოდენობით. 

"ლადო კახაძის დისკრედიტაციას ის გვერდები მიმართავენ, რომლებიც აფილირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზოგადად, „ქართულ ოცნების“, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ. მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა სპორადული სახე აქვს და დასპონსორებული არ არის. შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება" - წერს სამართლიანი არჩევნები.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, ქართული ოცნების კანდიდატ ლადო კახაძესა და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

კომენტარები