არჩევნები 2019

შავგულიძე: ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ

0 კომენტარი

მთაწმინდის ოლქში ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის თქმით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური იყო ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები. მან აღნიშნა, რომ "ჯერ ხმები ითვლება, მაგრამ ცხადია, რომ ამ არჩევნებში, ამჯერად წარმატებას ვერ მივაღწიეთ". შალვა შავგულიძემ მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა.

"ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული, საოცარი ინტენსიობის ბინძური შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ტელეკომპანია იმედის ეთერით, სახელისუფლებო პოზიციიდან დაპირებებისა და დაშინების გამოყენებით ყოვლად უღირსი ზემოქმედება ისეთ მოწყვლად ამომრჩეველზე, როგორიც არის პატიმართა ოჯახები, სოციალურად დაუცველი და შშმ პირები, ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირთა მასიურად გამოყენება ამომრჩევლის გარკვეულ წრეზე ზეგავლენის მოსახდენად და მათთან ერთად და იმავე მიზნით ინტენსიურად ადმინისტრაციული რესურსის და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გამოყენება.

მართალია, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატებისგან შემდგარი ჩვენი გუნდის ძალისხმევა, ასევე, ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ამ არჩევნების პერიოდში სხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, დღეს არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ.

ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით, როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი აღარ არის პასიური პროტესტი, ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი ამ პოზიციის დაფიქსირება. მაინც დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიცია" - განაცხადა შალვა შავგულიძემ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, თავისუფალი დემოკრატები და ევროპული საქართველო გააგრძელებენ პარტნიორულ თანამშრომლობას.

"ჩვენ უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ჩვენს ურთიერთობას ხალხთან, საზოგადოებასთან, გავაძლიერებთ კოორდინაციას დასავლური ორიენტაციის მქონე სხვა პოლიტიკურ ძალებათან, მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ე.ი, მის კეთილ მომავალს" - თქვა შალვა შავგულიძემ.

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, ლადო კახაძემ ოპონენტს დიდი უპირატესობით მოუგო. ამჯერად მან კონკრეტული ციფრებიც დაასახელა და თქვა, რომ "ხმების 75% არის დათვლილი და აქედან 62.5% არის ბატონი ლადო კახაძის, 37.5% ბატონი შავგულიძის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები