FDI

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ეს მაჩვენებელი 6.3%-ით შემცირდა.

2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი 300.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2011 წლის შემდეგ, წლის პირველ კვარტალში ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები არ შემოსულა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ირლანდია იყო, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47.4% შემოვიდა. მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო (15.1%) და აშშ (8%).

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა, 6%), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

დარგობრივად, ყველაზე მეტი ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სფეროში განხორციელდა (49.7%). საფინანსო სექტორზე ინვესტიციების 15.2% მოდიოდა, ტრანსპორტზე კი 10.2%.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და შესაძლოა მცირედით შეიცვალოს. საქსტატში ამბობენ, რომ 2019 წლის დაზუსტებული მონაცემები 2020 წლის 15 აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) რიცხვი 1 232,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 34,9%-ით ნაკლებია. 2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 1 894,5 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. 2013 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი ასეთი დაბალი არ ყოფილა.

კომენტარები