სამშობლოს დღე

ქანთარია სამშობლოს დღეზე: ჩვენი პრობლემების გასაღები წარსულშია, თუ ჩავუკირკიტდებით, ვიპოვით

ქართული ოცნების დეპუტატს ნუკრი ქანთარიას 14 მაისის სამშობლოს დღედ და უქმედ გამოცხადება სურს. შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა, დღეს, კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა იმაზე, თუ რა საჭიროა კიდევ ერთი დღესასწაული.

"მჯერა, რომ გვჭირდება ერთი საერო დღესასწაუალი, ძალიან დადებითი, პოზიტიური, რომელიც აღადგენს ჩვენს სულიერ კავშირს ჩვენი წარსულის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებთან. ყოველი სამშობლოს დღე უნდა იყოს კონკრეტულ მოვლენაზე, ჩვენი ისტორიის საამაყო ფურცლებიდან. დავუშვათ, დავიწყოთ დიდგორით, რომელიც იყო გარდამტეხი, და არამხოლოდ დიდგორზე უნდა აღინიშნოს, არამედ ყველგან. მეორე წელს ეს შეიძლება იყოს სხვა წარმატებული მოვლენა, დავუშვათ, ბასიანი, გამარჯვების დღე. სხვათაშორის, დავით სოსლანის როლი ჩვენ ფაქტიურად დაგვეკარგა და სწორედ მისი დამსახურებაა, იმდროინდელი ერთერთი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და ამ სახელს და გვარს, დღეს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის გამოც შეგვიძლია, უფრო დიდი მნიშვნელობაც მიენიჭოს. ე.ი ეს პოლიტიკური საკითხია ერთერთ პირველ რიგში" - ამბობს ქანთარია.

ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, სამშობლოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უნდა გაიმართოს "არა გარმონის გაწელვით, რომ დოლზე დავცხოთ და მხოლოდ ლექსები და ამბავი", არამედ ცოდნასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

"ჩავიხედოთ ჩვენს გულში, ისტორია კარგად არ ვიცით არც ერთმა თაობამ, რაც ვიცით, ეს ინფორმაციის დონეზეა და ნებისმიერი მოვლენა, რომელიც იქნება სამშობლოს დღეს იმ წელს აღსანიშნავი, იქნება ხან დიდგორი, ბასიანი თუ სხვა, არ არის მხოლოდ ომები, ხმალი და ჩახა-ჩუხი, ერთი წელი შეიძლება გელათი იყოს პრიორიტეტი, როგორც ცოდნის ტაძარი, იერუსალიმი და ათენა, მაშინდელი მსგავსი, სადაც სწავლულები ჩამოდიოდნენ და რომელმაც შეცვალა მაშინდელი საგამანათლებლო სივრცე, ასევე, იყალთო თუ სხვა. გარკვეული ჯგუფი, საბჭო განსაზღვრავს ყოველ წელს, რომელი იქნება პრიორიტეტი. ეს იქნება ასეთი დღე, რომელიც კონკრეტულ მოვლენას ამოწევს ზემოთ და ამ მოვლენის შესაბამისად, დაწვრილებით ინფორმაციას მიწვდის ხალხს, სადაც ჩაებმებიან ისტორიკოსები, რა თქმა უნდა, მსახიობები, ვერც დალევას და სადღეგრძელოს ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ეს დღე იქნება ცოდნაზე დამყარებული და ამავე დროს ემოციური დღეც.

იმიტომ, რომ ჩვენ ემოციური კავშირი გვაქვს გაფერმკრთალებული, ინფორმაცია შეიძლება ვიცით, მაგრამ ჩვენ ვეღარ წარმოგვიდგენია თავი, ეს ჩვენს მომავალ თაობას სჭირდება, რომ იგრძნონ თავი, რომ აი, თევდორე მღვდელი რომ დაატარებდა იქ უცხო ჯარს, თვითონ სულიერად იქ უნდა იყოს. როცა ზაქარია მხარგრძელმა სილა სთხლიშა რუქნადინის ელჩს, სულიერად იქ უნდა იყოს, ეს ბმა თუ გვექნება ჩვენ, ყველანაირად უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ეს დღეც ამ მხრივ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ჩენი წარსულის ცოდნაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ჩვენი პრობლემის გასაღები წარსულში დევს და თუ კარგად ჩავუკირკიტდებით, ვიპოვით ამ გასაღებებს.

ეს საერო დღესასწაული ყველას დღე უნდა იყოს, რომელიც თვლის თავის თავს ქვეყნის მოქალაქედ და ეს მხოლოდ თბილისში არ უნდა გაიმართოს, ცენტრალური ღონისძიება უნდა დაიწყოს ხან სამეგრელოში, შემდეგ კახეთი იქნება, რაჭა, გურია თუ სხვადასხვა მხარე" - ამბობს ქანთარია.

რატომ მაისის თვე

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, სამშობლოს დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე შეკრება გამართეს და მათში ეკლესიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

"მაშინ იყო ლაპარაკი სწორედ წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით და ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ ეს იქნება მთლიანი კვირეული ასეთი, 12 მაისი, 14 მაისი, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ნელ-ნელა ილევა ეს დღე და პროვოკაციების საბაბი ხდება და შემდეგ 26 მაისი...

რატომ 14 - რაკი წარმატებასთან არის ასოცირებული, შეიძლებოდა, ორი დღე ყოფილიყო ასეთი, 8 თებერვალი დავითის დღე და 14 - თამარ მეფის დღე. თუ რამე გვირგვინი იყო საქართველოში, ეს ერთ საუკუნეზე ცოტა მეტი გასტანა, ეს იყო ოქროს ხანა, მწვერვალი, რომლის დავიწყება კი არა, მუდმივი გახსენება [აუცილებელი], რომ რახან ერთხელ იყო (არა იმ ფარგლებში, რასაც შუასაუკუნეები ითვლის), ე.ი ქართველ კაცს შეუძლია წარმატების უფრო სერიოზულ დონეზე გადასვლა, ამ რწმენის გაღვივების გამო ვიფიქრეთ, რომ თამარ მეფე, რომელიც იყო ერთერთი კი არადა პირველი ქალბატონი იმ დროის სივრცეში, უდიდესი პოლიტიკოსი აღოჩნდა, რომელმაც მთელი რიგი დაბრკოლებები მშვიდობიანად გადაატარა და თუკი რამე ომები იყო, იყო გარეთ, ამიტომ არის ბმა, რომ 14 მაისი იყოს" - თქვა ქანთარიამ და აღნიშნა, რომ "საეკლესიო დღესასწაული საკმაოდ ბევრი გვაქვს, მაგრამ საერო დღე გვჭირდება". მისი თქმით, ერთერთია 9 აპრილი, "მაგრამ დამოუკიდებლობა ხან გვქონდა, ხან არ გვქონდა, სამშობლო კი, ყოველთვის გვქონდა".

ქართული ოცნების დეპუტატის თქმითვე, იმის გამო, რომ საქართველოში 15 უქმე დღეა, კანონპროექტის ავტორებმა აღარ ჩათვალეს მიზანშეწონილად კიდევ ერთი დღის დამატება. ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ 8 მარტი აღარ უნდა იყოს დასვენების დღე.

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონებს. ვიფიქრეთ, რომ 8 მარტი, რომელიც სამი ქვეყანაშია მხოლოდ დასვენების დღე (რუსეთი, ბელარუსი და მოლდოვა), იქნებ ეს დღე დარჩეს როგორც ქალთა საერთაშორისო დღე, მაგრამ პირიქით კორპორაციული დღე იყოს - მივა სამსახურში ხალხი, თავის ქალბატონებს მიაწვდიან ყვავილებს... და არის კიდევ დედის დღე, როგორც შევთანხმდებით" - თქვა ქანთარიამ.

კომენტარები