არჩევნები 2019

შსს დამკვირვებლებზე თავდასხმაზე: არ გვახსენდება გამოძიება, რომელიც 2 დღეში დამთავრებულიყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 9 ივნისს მე-18 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ დამკვირვებელზე, ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გუსლიხმობს. 

ტაბულას კიტხვაზე, რატომ მიმდინარეობს გამოძიება მხოლოდ 162-ე პრიმა მუხლით, 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ვერაფერს გეტყვით".

11 ივნისს, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება. ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება, როცა ინციდენტი ვიდეოზეა ასახული, უწყებაში გვიპასუხეს, "არ გვახსენდება გამოძიება, რომელიც 2 დღეში დამთავრებულიყო, მიმდინარეობს გამოძიება, სხვას ვერაფერს გეტყვით".

9 ივნისს, მთაწმინდის ოლქში, მე-18 უბანზე, რომელიც კოსტავას 5 ნომერში მდებარეობს, ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ მე-18 უბანზე კაცმა შეაგინა, შემდეგ კი დამკვირვებლისთვის ქალმა, ანი გელოვანმა, ტელეფონის წართმევა სცადა.

"ტელეფონი მიჯდებოდა და შევედი კაფეში, სადაც დაახლოებით 10-მდე ადამიანი ისხდა. ვნახეთ, რომ თან ჰქონდათ სიები და ამისთვის ფოტოს გადაღება ვცადეთ და ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა ეს სია. ყველა გამოტრიალდა, რატომ გვიღებთო, აქ რატომ დგახარო.

ვუთხარი, რომ მე მათ პირად სივრცეს არ ვარღვევდი. ამასობაში წამოხტა ერთი ქალი, რას მეკაჩავებიო, შნირები ხართო. ჩემს მეგობარს, ასევე დამკვირვებელს ვუთხარი, რომ გადაეღო და მაშინ სცადა, მისთვის ტელეფონი წაერთმია"

ცნობისთვის, 2015 წელს, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ქართული ოცნების დეპუტატს დავით ლორთქიფანიძეს და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. ნიკა ნარსიას და კახაბერ გაბუნიას ბრალი ხულიგნობის მუხლით (239-ე) წარუდგინეს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებოდნენ. ისინი 3 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს და 25 დეკემბრამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. დაკავებულები 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ დაკავებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 30 იანავრს გამართულ პროცესზე, სადაც ბრალდებულებისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომლის თანახმადაც ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას მიმართ 2015 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან გამოთხოვას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განრიდების საფასურად ე.წ პიჯაკების საქმისთვის დაკავებულებს, 500-500 ლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები