მაგთი ფიქსი

მაგთიკომი აცხადებს, რომ მაგთი ფიქსის ტექნოლოგია არამომგებიანი და მოძველებულია

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს 11 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 17 ივნისიდან კომპანია მაგთი ფიქსის სერვისის მომსახურებას შეწყვეტს.

მაგთიკომში ამბობენ, რომ კომპანია შეეცადა გაეხანგრძლივებინა CDMA ლიცენზიის ვადა, რომელიც მაგთი ფიქსის სერვისის მიწოდების საშუალებას იძლევა, თუმცა შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილების გამო, მომსახურება 17 ივნისიდან შეწყდება:

"მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო." - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, მაგტიკომი მაგთი ფიქსის ტექნოლოგიას მოძველებულს უწოდებს და განმარტავს, რომ ბოლო ხანებში სერვისის მომხმარებელი მნიშნელოვნად შემცირდა:

"მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია."

ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 11 ივნისს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მაგთიკომს მოუწოდებდა, გაეხანგრძლივებინა ლიცენზია და მაგთი ფიქსის 111 430 მომხმარებელი მომსახურების გარეშე არ დაეტოვებინა:

"კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ  შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით  გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის, ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.  

მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე.   ამისთვის, კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი- დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე- მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით." - ვკითხულობთ მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.

კომენტარები