13 ივნისის სტიქია

კალაძე: 13 ივნისის ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

"ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა",- თქვა კალაძემ. 

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა

კომენტარები