აშშ-ირანი

აშშ ომანის ყურეში ნავთობტანკერებზე თავდასხმის პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს

0 კომენტარი
ფოტო: ABC

13 ივნისს ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. თეირანი ბრალდებას უარყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანის მხრიდან უკანასკნელი მსგავსი თავდასხმები გაიხსენა და თქვა, რომ 13 ივნისს მომხდარი წითელი სახელმწიფოს პროვოკაციული ქმედებაა - "ეს შეფასება ემყარება დაზვერვას, გამოყენებულ იარაღებს, ამ ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო ექსპერტიზის დონეს, ირანის მხრიდან საზღვაო გადაზიდვებზე მსგავს უკანასკნელ თავდასხმას და ფაქტს, რომ სხვა არცერთ შესაძლო ჯგუფს, რომელიც ამ მხარეში მოქმედებდა, საჭირო რესურსები ან გამოცდილება ჰქონდა, რომ ასეთი მაღალი სიზუსტით ემოქმედა".

პომპეოს განცხადების შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს სპიკერმა ბილ ურბანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც, აშშ-ის სამხედრო პერსონალის ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები იაპონური ტანკერიდან აუფეთქებელ ნაღმს ხსნიდნენ.

თავდასხმისას ნორვეგიული კომპანიის Front Altair-ის ტანკერზე და იაპონურ Kokuka Courageous ტანკერზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შემდეგ, ეკიპაჟს ბორტის დატოვება მოუწია, დაშავებულია ერთი ადამიანი.

თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები 4%-ით გაიზრდა და აშშ-ირანის ახალი დაპირისპირების საფრთხე წარმოშვა.

ბრიტანელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰუნტმა თქვა, რომ თუ ამაში ირანი იყო ჩართული "ეს ძალიან არაგონივრული ესკალაციაა, რაც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ნამდვილ საფრთხეს უქმნის".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს ომანის ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მაისის დასაწყისში ომანის ყურეში ოთხი ნავთობტანკერი დააზიანეს. ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.

ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერები ირანულმა ჭურვებმა დააზიანა. ბოლტონს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია. ირანი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები