თბილისი პრაიდი

"სახელმწიფო, სად ხარ?" - მთავრობის სახლთან Tbilisi Pride-ის ორგანიზატორთა აქცია დაიგეგმა

"სახელმწიფო, სად ხარ?" - Tbilisi Pride-ის ორგანიზებით აქცია ამ სახელწოდებით 14 ივნისს 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება. 

Facebook-ზე აქციის ანონსში ვკითხულობთ, რომ ორგანიზატორები ლგბტქ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებსა და პოლიტიკოსებს მიმართავენ, რომ აქციას დაესწრონ. 

აქციის დაანონსებას წინ უძღოდა ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 მაისს გაკეთებული განცხადება, რომ ისინი 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებას ვერ დაიცავენ და მეორე მხრივ, დღეს, 14 ივნისს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც რელიგიური ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღირსების მარშის ჩატარება. 

"თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები