ევროპული საქართველო: კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფების მხარე დაიჭირა

ტაბულა

ევროპული საქართველოს შეფასებით, "ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას". პარტია კანცელარიასთან მიმდინარე ლგბტ პრაიდის მხარდამჭერების და მათი მოწინააღმდეგეების კონტრაქციას ეხმაურება.

"მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.

მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.

ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეული არ დაუშვან. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.

კომენტარები