ლგბტ კვირეული

Tbilisi Pride: ბახტაძემ, გახარიამ და კობახიძემ დაგმონ ძალადობა, სხვა შემთხვევაში არ დავიშლებით

სალომე ბარკერი

თბილისი პრაიდი მოუწოდებს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, შს მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, გააკეთონ განცხადებები LGBT პრაიდის კვირეულის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

"განაცხადონ, რომ:

  • ძალადობა და ძალადობის წახალისება არის მიუღებელი;
  • ადამიანის უფლებების, მათ შორის ლგბტქი ადამიანების დაცვა და თანასწორობა არის მნიშვნელოვანი;
  • გააკეთებენ მაქსიმუმს ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ დავტოვებთ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას" - აცხადებს Tbilisi Pride.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან. კონტრაქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავეს მოგვიანებით.

კომენტარები