თბილისი პრაიდი

ლევან ვასაძე ვერის ბაღში "მხოლოდ კაცებს" ეპატიჟება, რათა პრაიდის ჩაშლის გზებზე იმსჯელონ

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, ჰომოფობიითა და სიძულვილით სავსე მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს. 

"ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ" - ამ მუქარით მიმართავს ლევან ვასაძე ხელისუფლებას. 

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მხოლოდ და მხოლოდ კაცებს 16 ივნისს, 20:00 საათზე ვერის ბაღში ეპატიჟება, რათა სიძულვილის ჯგუფებმა ერთად დაგეგმონ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს.

"არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას კორდონების ჩაყენებისა ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა. კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, რანაირად ვიზამთ ამას, ამაზე შევთანხმდებით ხვალ. 

ვეძახი ყველას, ვისაც კაცი ჰქვია საქართველოში. აი, ხომ წერთ ათასობით კომენტარს, რომ "ლევან, დაანებე ლაპარაკს თავი", "საქმე გააკეთე"... აი, გეძახით, ხალხო. მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ, ქალბატონებს და ბავშვებს, იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, რომ დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს,"- ამბობს ვასაძე. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

კომენტარები