თბილისი პრაიდი

კობახიძე: ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სახელმწიფოს ერთადერთი როლი აქვს - შუაში ჩადგეს

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ, როდესაც სიძულვილის ჯგუფები მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ, სახელმწიფოს ერთადერთი როლი ჰქონდა - ჩამდგარიყო მათ შორის. 

კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ "მხარეები აგრესიისგან დაიცვა". 

"როდესაც მოქალაქეთა ორი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან. სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში. შუაში უნდა ჩაგდეს ასეთ დროს სახელმწიფო,"- თქვა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები