ლგბტ კვირეული

ვასაძე: პრაიდის წინააღმდეგ რაზმებს ვქმნით, იარაღი იქნება ქამრები, ამით შევუკრავთ ხელებს

ტაბულა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" თქვა.

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი.

ყველა,ს ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - ამბობს ვასაძე.

ბიზნესმენის თქმით, "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - თქვა ვასაძემ.

სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას.

"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენს ლომს" - თქვა ვასაძემ.

მისივე თქმით, თუ "სახალხო რაზმებში" აღმოაჩენენ ვინმეს, ვისაც ექნება დანა, "თვითონ შევუკრავთ ქამრით ხელებს და ჩავაბარებთ მას პოლიციაში, როგორც პროვოკატორს".

კომენტარები