ლგბტ კვირეული

ვასაძე პოლიციას: თუ ჩვენს წევრს დააკავებთ, განყოფილებაში მოვალთ და კორდონს გავარღვევთ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე იმ შემთხვევაში, თუ სიძულვილის ჯგუფის წევრებს დააკავებენ, პოლიციას "კორდონის გარღვევით" ემუქრება. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ლევან ვასაძის ორგანიზებით თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" თქვა.

"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს" - მიმართა ვასაძემ სამართალდამცველებს.

ბიზნესმენის თქმით, "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის.

გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - თქვა ვასაძემ.

მისივე თქმით, თუ "რომელიმე პროვოკატორი" ჩაეწერება "სახალხო რაზმებში" და აღმოაჩენენ ვინმეს, ვისაც ექნება დანა, "თვითონ შევუკრავთ ქამრით ხელებს და ჩავაბარებთ მას პოლიციაში, როგორც პროვოკატორს".

"სახალხო რაზმებში" მოხალისეებად ჩაწერა უკვე დაიწყო - მასში მონაწილეობისკენ ლევან სამხედროებს და სპორტსმენებს მოუწოდა.

"არავითარი აგრესია, ბილწსიტყვაობა, გინება, მშვიდად, წყნარად, როგორც ჩვენ გვეკადრება, მივაბრძანოთ იმ ადგილებიდან, სადაც იქნებიან და თავიანთ დროშას გამოფენენ. შენობაში იქნებიან, საკონფერენციო დარბაზში? ამას ყველაფერს შევიტყობთ, ჰქონდათ დაგეგმილი მუზეუმში და გაუუქმეს, ასე იზამს ყველა ნამდვილი მამულიშვილი, არ იზამს და ჩვენ გავაკეთებინებთ მაგ საქმეს" - თქვა ვასაძემ.

თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები