ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის აპარატი: ინტერნეტსივრცეში ნინო ლომჯარიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

განცხადებაში აღნიშნულია, სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე მუქარასა და იძულებაზე.

"სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან", - ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

ცნობისთვის, 14 ივნისს, საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს. ლომჯარიამ ასევე თქვა, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას ვერ შეაფასებს, თუმცა რაც უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას თბილისი პრაიდის ორგანიზება. მანამდე კი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შსს-მ უთხრა, რომ ლგბტ სიამაყის კვირეულში მათ უსაფრთოებას ვერ დაიცავდა.

ამ განცხადებების საფუძველზე, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?". 

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები