რუსული პროპაგანდა

"რუსული გავლენების კვალდაკვალ" - UG-ის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია გაიმართა

"რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში" - კონფერენცია ამ სახელწოდებით საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით 17 ივნისს გაიმართა. 

ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საერთოშირო ექსპერტებმა რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, მის გამოვლინებებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. 

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფოდა: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები; სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები; კულტურა, ნორმები და ფასეულობები და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

მთავარ სპიკერთა შორის იყვნენ მაიკლ კარპენტერი, ლუკ კოფი, ჯეფრი მანკოფი, ბრაიან უიტმორი, ანდრეას უმლანდი, კრასენ სტანჩევი და ზიგიმანტის პავილიონისი. 

ექსპერტებმა მედიასთან კომენტირებისას ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ბრაიან უიტმორი, ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი: 

"რასაც რუსეთი დღეს საქართველოს უკეთებს, ხვალ იმავეს ევროპას გაუკეთებს. თქვენ იმაზე ადრე შეგეხოთ რუსეთის ჰიბრიდული ომი, სანამ ეს მოდური გახდებოდა. თქვენს არჩევნებში იქამდე ჩაერია, სანამ ეს ტრენდული გახდებოდა. თქვენ იცოდით, რა არის ფეიკ ნიუსი, სანამ ჩვენ გავიგებდით ამის შესახებ. ამიტომაც, ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება აქ. იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ დღეს აქ, ხვალ ჩვენც გაგვიკეთებენ. საქართველო არ არის რაღაც შორს მყოფი ქვეყანა, რომელზეც არაფერი ვიცით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ჩვენ თქვენგან უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვიქცეთ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, როგორ დაუდგეთ მედგრად ამ ყველაფერს. თქვენ უკეთ იცით система, ვიდრე ჩვენ. ეს სწორედ ის სიტუაციაა, სადაც საქართველოს მსგავს ქვეყანას დასავლეთისთვის უსაფრთხოების გარანტი შეუძლია იყოს და იმედი მაქვს, რომ დასავლეთი თავის მხრივ შეძლებს, უფრო დაცული გახდეს".

მაიკლ კარპენტერი, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო საკითხებში: 

"ვფიქრობ, რომ ამ რეგიონში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნათელი მოვფინოთ ჰიბრიდული ომის ტაქტიკებს იმიტომ, რომ სწორედ ასე ცდილობს რუსეთი 2008 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. არა სამხედრო მიზნებით, ისინი ამაში ჩაიჭრნენ, არამედ სხვა ტაქტიკების გამოყენებით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით. განსაკუთრებით ახლა ეკონომიკურით... ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს აქ შესაძლებლობა, ხაზი გავუსვათ იმ გზებს, რომლითაც სხვა ქვეყნებიც, თუმცა ძირითადად რუსეთი ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ესწრაფიან. და იმაზე, როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო ამას და დარჩეს მედგრად".

ლუკ კოფი, Heritage Foundation-ის საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი: 

"ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების, რათა ერთად განვიხილოთ რუსეთის ჰიბრიდული გავლენა და არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ნაწილებშიც. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ყველა ცდილობს, რომ გამოვიდეს ახალი იდეით, ახალი რეკომენდაციებითა და იპოვოს ახალი გზები პრობლემის გადასაჭრელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო კვლავ დარჩეს უსაფრთხო, დაცულ ქვეყნად, რომელიც გავლენებისგან თავისუფალია და ჰქონდეს თავისი ადგილი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში". 

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - "რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში" პირველი ფაზის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. 

კომენტარები