ვერის ბაღში ლევან ვასაძის "ლეგიონში" გაწევრიანებისთვის ხელმოწერები მიმდინარეობს.
"სიებზე მუშაობა მიდის, ხალხის მობილიზაცია ხდება და ამ პროცესს მშვიდობიანად ვასრულებთ. ჩვენ ერთ-ერთი ორგანიზატორები ვართ, საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ვმუშაობთ აბსოლუტურად მშვიდობიანად და წყნარ ვითარებაში. ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა. აქ არა, საერთო ბაზაში. ჩანაწერებშიც არის. ელექტრონულად გვიგზავნიან, პლუს ამას SMS-ები, სოციალური ქსელი, მაგრამ გაცილებით მეტია იმათი რიცხვი, ვინც ამბობს, მე ჩაწერა არ მინდა, ჩემით მოვალო. რაც ჩაეწერება, 10-ჯერ - 20-ჯერ მეტნი გამოვლენ, თუ საჭირო იქნება.
ანუ იმ შემთხვევაში, თუ ის ექსტრემისტული ჯგუფები გამოვლენ და იმ უზნეობის ჩატარებას დააპირებენ, რასაც გეგმავენ. ისინი ცხადია, ექსტრემისტული ჯგუფები არიან, იმიტომ რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას გეგმავენ.
თუ მათი მხრიდან ძალადობა იქნება, ჩვენ ვეცდებით, ის აღვკვეთოთ. მგრამ თუ ვერ შევძლებთ, თავის დაცვა მოგვიწევს. მათი გამოსვლა უკვე არის მშვიდობის საწინააღმდეგო ნაბიჯი",- ამბობს ხელმოწერების შეგროვების ერთ-ერთი ორაგნიზატორი, კონსტანტინე მორგოშია ტაბულასთან.
მორგოშია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანისგან, რომელიც რამდენიმე წლის წინ თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა.
"ვილოცებთ და ღმერთი გაიყვანს. ჩვენი ძალა არის ლოცვა. მე ამ ფორმირებებში და დაჯგუფებებში კი არა, მე ვარ ეკლესიის წევრი. ჩემი ერთობა არის ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი. ვილოცებთ და ესენი თავისით მოშორდებიან საქართველოს", - თქვა მოძალადეთა ჯგუფის სხვა წევრმა.
ლევან ვასაძემ, რომელიც რუსი იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.
მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.
მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო, თუმცა, ვერის ბაღში რაზმებად დარეგისტრირება კვლავ გრძელდება.
ზემოთნახსენები დუგინი კი, რომელთან ვასაძე დაახლოებულია, ნეოიმპერიალისტური იდეებით გამოირჩევა. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"
აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ.
6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.