დემოგრაფია

2050 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 9.7 მილიარდს მიაღწევს - გაერო

მოსახლეობა დედაქალაქიდან გარეუბანში ბრუნდება, ბანგლადეში
RayHan Ahmed / Compas Oxford

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მომდევნო 26 წლის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანით გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 9.7 მილიარდს მიაღწევს.

ამ დროისათვის ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში, ტანზანიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ნიგერიასა და აშშ-ში ჯამში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს. კვლევაში ნავარაუდევია, რომ 2100 წელს დედამიწის მოსახლეობა 11 მილიარდამდე გაიზრდება.

მოსახლეობის რაოდენობით, ინდოეთი ჩინეთს 2027 წლისთვის გადაასწრებს - კვლევის მიხედვით, 2050 წლამდე ჩინეთის მოსახლეობა 2.2% შემცირდება.

გაეროში ამბობენ, რომ მოსახლეობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდება 47 ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში. დემოგრაფიული ბუმია მოსალოდნელი სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობა ერთი მილიარდით გაიზრდება და შესაბამისად, გაორმაგდება. შობადობის მაჩვენებელი ამ რეგიონში კვლავაც ყველაზე მაღალია - სუბსაჰარულ აფრიკაში ერთი ქალი საშუალოდ 4.7 შვილს აჩენს. ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში ეს რიცხვი 1.7-ია. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს სუბსაჰარულ აფრიკაში ერთი ქალი საშუალოდ 6.3-ჯერ მშობიარობდა.

ყველაზე ნელი მოსახლეობის ზრდა ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში იქნება, სადაც 2%-იანი მატებაა მოსალოდნელი. კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებში 2050 წლისთვის ყოველი მეოთხე შეიძლება 65 წლის ან უფრო მეტი ხნის იყოს.

კომენტარები