მშენებლობის რეგულაციები

კალაძე: სამშენებლო კომპანიებს დარღვევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

თბილისის მერია

თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თბილისში სამშენებლო კომპანიებს დარღვევების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, ასევე სიმაღლის პარამეტრის დარღვევა და უნებართვო მშენებლობა. სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას გამოიწვევს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა.

„არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტი არც თუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში და დედაქალაქში მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები, ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ახერხებენ სამშენებლო დარღვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურობაში, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის და ა.შ. შესაბამისად, მე დავავალე დედაქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ამ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ერთი ნაბიჯი, რაც დარღვევებზე ჯარიმების გაათმაგებაში გამოიხატა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

„როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება. მიგვაჩნია, რომ არცერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი და შესაბამისი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ქალაქს აყენებს. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია მოგვეხდინა. ეს ცვლილებები ზოგიერთ სამშენებლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აქამდე კი ადმინისტრაციული სასჯელი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ქალაქში გვაწუხებს. 

კალაძის თქმით, კანონპროექტს პარლამენტს დღე სგადაუგზავნიან. თბილისის მერმა ვიცე-მერს შესაბამის სამსახურებთან ერთად, პარლამენტთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა სთხოვა, რათა ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.

კომენტარები