ლგბტ კვირეული

23 ივნისს თბილისში გარბენი შედგება, ღირსების მარშის ჩატარება 22 ან 23 ივნისს იგეგმება

თბილისის მერია

23 ივნისს გარბენი „თბილისი“ გაიმართება. ეს კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება. ​ 

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა,  მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი  - 10:00 საათზე", - თქვა კალაძემ. 

22 ან 23 ივნისს თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს. 

მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ასევე, ლევან ვასაძემ, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

კომენტარები