მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

ბახტაძე: უმძიმესი სანახავია პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას ეხმაურება, რომელიც დღეს პარლამენტში ჩაიშალა.

"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე" - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაპარლამენტში აღარ გაგრძელდება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები