მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

გირჩი 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს

გირჩი

გირჩი 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ, ზურა ჯაფარიძემ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა.

ჯაფარიძის თქმით, კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს და ზაქარია ქუცნაშვილს საზოგადოება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სთხოვს, თუმცა, "ჯოხი ტყდება მხოლოდ კობახიძეზე და ჰაჰა, კიდევ ქუცნაშვილი იყოს უკან, ეს არ არის სწორი. ეს არ არის ძალიან მარტივი ამბავი და მარტო კობახიძე-ქუცნაშვილის ამბავი არ არის".

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები