მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ოკუპანტი დეპუტატებისთვის ჭაჭის გამოხდის მასტერკლასები - კობახიძის დამტკიცებული გეგმა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთშორისო ასამბლეის სამუშაო გეგმა პარლამენტის თავმჯდომარემ 6 ივნისს დაამტკიცა. ირაკლი კობახიძის ბრძანება რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

ირაკლი კობახიძის მოწონებულ სამუშაო გეგმაში, ერთერთ პუნქტად მითითებულია, "მაღალი დონის სტუმრების მისაღები დარბაზების კიბეებზე ფიანდაზების გაფენა".

კიდევ ერთი პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის სახელით, დელეგატებისთვის რესტორან გუჯარში ვახშამი უნდა გაემართათ. იქვე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო "პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასები".

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს კი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარება პარლამენტში იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა სასტუმროს შენობა დატოვა. გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. 

ქართული ოცნების წევრებმა სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა. ფაქტს მიუღებელი უწოდეს მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები