რუსული ოკუპაცია

აქციაზე სტუდენტები და უფროსკლასელები მივიდნენ, მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სტუდენტები და უფროსკლასელები მივიდნენ და რუსული ოკუპაცია დაგმეს. მათ აქციაზე მისვლას ტაშით შეხვდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა ჰიმნი ერთობლივად იმღერეს. 

19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს კი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარება პარლამენტში იყო დაგეგმილი. რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რამაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, გადაწყდა, რომ სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა. 

სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. როცა სერგეი გავრილოვმა სასტუმროს შენობა დატოვა. გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო უკვე დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ. 

სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს ქართული ოცნების ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც - მან მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები