აქცია პარლამენტთან

შსს: შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მივცემთ მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობას

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება "შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას". რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ, შსს განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას". მათი შეფასებით, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და "მიიღო ძალადობრივი ხასიათი".

"მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი 
დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას 
მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას" - აცხადებს შსს.

მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

კომენტარები