20 ივნისის აქცია

ოცნება: პოლიციამ უმაღლესი თმენის  ვალდებულება  გამოიჩინა, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური

ტბელ აბუსერიძე

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს შეფასებით, 20-21 ივნისის აქციაზე პოლიციამ თმენის უმაღლესი ვალდებულება გამოიჩინა. მათი განცხადებით, ძალის გამოყენებით აქციის დაშლა ლეგიტიმური იყო.

"საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის  დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება.

ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი  ძალადობის  ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება. 

აქვე, არ შეგვიძლია, ხაზი არ გავუსვათ  ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება  გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც  მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.

სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის.

ქართული ოცნება არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს  მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას" - წერია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები