აქციის დარბევა

მდინარაძე: ვეთანხმები პრემიერს, რომ ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების სტილი არ არის

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"ვეთანხმები პრემიერს, რომ ქართული ოცნების სტილი არ არის არც ცრემლსადენი გაზი და არც სხვა საშუალებები," - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა მამუკა ბახტაძემ განცხადება იმის შესახებ რომ პოლიცია რეზინის ტყვიებს და გაზს არ გამოიყენებდა, დარბევის დაყწებამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

"ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვინმემ ვინმე მოატყუა არასწორ მოცემულობას მივიღებთ, ვეთანხმები მამუკა ბახტაძეს, რომ ქართული ოცნების სტილი არ არის არც ცრემლსადენი გაზი და არც სხვა საშუალებები. მე ვეთანხმები ნებისმიერ ადამიანს მითუმეტეს საქართველოს პრემიერმინისტრს თუ ის იტყვის, რომ ქართული ოცნების სტილი არ არის გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში თუკი პოლიციის მიმართ თავდასხმა იქნება და სხვა გამოსავალი არ ექნება პოლიციას, მას უწევს ადეკვატური ზომების გამოყენება. ეს არის და ეს," - ამბობს მდინარაძე. 

გუშინ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აქციის მიმდინარეობისას, დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, - "სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია."

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების დარბევა ცრელმსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით დაიწყო. 

კომენტარები