გავრილოვის ღამე - როგორ დაიწყო დარბევა და რამდენი ადამიანი დაშავდა

ტბელ აბუსერიძე

გავრილოვის ღამე - ასე უწოდებენ 20-21 ივნისის მოვლენებს, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ძალადობრივად დაარბია. 

დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ დარბევამდე არც ხელისუფლებას და არც გაფრთხილებაზე უფლებამოსილ ორგანოს - თბილისის მერიას აქციის მონაწილეები არ გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია.

დარბევა მოულოდნელად დაიწყო. 

როგორც ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ყვება, მათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს შეთავაზება, რომ ოპოზიცია მასა და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოსალაპარაკებლად შეხვედროდა. მოლაპარაკებებზე შესვლამდე კი, მოულოდნელად სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო.

საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები რეზინის ტყვიებმა და გაზმა ვერ შეაშინა. ისინი კვლავ ბრუნდებოდნენ აქციის ადგილას და კვლავაც განაგრძობდნენ საპროტესტო აქციას, ბოლოს კი სპეცრაზმმა წყლის ჭავლები გამოაგორა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. უწყებისვე ცნობით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალის ამოღება დასჭირდა. 

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. 
ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

21 ივნისის დილას, 6:00 საათზე სპეცრაზმმა აქცია საბოლოოდ დაშალა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ნადირობა გამოაცხადეს. ისინი მათ მიმდებარე ქუჩებამდე მისდევდნენ, ერთ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობამდეც.

კომენტარები