საარჩევნო სისტემა

რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელისგან

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

უკვე დიდი ხანია, რაც ოპოზიციური ძალები საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას გადადგომასთან ერთად, საარჩევნო სისტემის შეცვლა ბოლო დღეების გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ცვლილებას ქართული ოცნების ჩათვლით ყველა პოლიტიკური პარტია საჭიროდ მიიჩნევს, განხეთქილების საგანი დროის საკითხია. თავდაპირველად, ოცნება გეგმავდა, შერეული სისტემა 2020 წლისთვის ჩაენაცვლებინა სრულად პროპორციულით, მაგრამ 2017 წელს მმართველმა გუნდმა აზრი შეიცვალა და სახელისუფლებო პარტიაში განაცხადეს, რომ ცვლილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება.

რა ხარვეზები აქვს დღევანდელ სისტემას და რას შეცვლის მთლიანად პროპორციული წესი?

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან, 77 პარტიული სიიდანაა არჩეული, ხოლო 73 მაჟორიტარია. პარტიები წარადგენენ, ერთი მხრივ, 150 კაციან პარტიულ სიას და ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თითოეულ ოლქში.

ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისას ორ ბიულეტენს იღებს. აქედან, ერთზე ის სასურველ პარტიას ირჩევს, ხოლო მეორეზე სასურველ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საკუთარი ოლქიდან. შედეგად, 77 მანდატი განაწილდება პარტიებზე მათ მიერ პარტიული სიით მიღებული ხმების პროპორციულად, 73 ოლქი კი თითო მაჟორიტარს აირჩევს. პროპორციული წესით მანდატების მისაღებად, დღეს საჭიროა, რომ პარტიამ ხმების 5%-ზე მეტი აიღოს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული საჭიროა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოლქში მეორე ტური ჩატარდება, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და პარლამენტი მთლიანად პარტიული სიიდან დაკომპლექტდეს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მაჟორიტარების ხარჯზე, პარტიების მიერ მიღებული ხმები მათ მიერ მიღებული მანდატების არაპროპორციულია. მაგალითისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ხმების 48% მიიღო, თუმცა 73-დან 71 მაჟორიტარული ოლქის მოგების ხარჯზე, პარლამენტში 115 დეპუტატი შეიყვანა, რითაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაინაღდა. გამოდის, რომ პარტიამ, რომელმაც მიიღო ხმების 50%-ზე ნაკლები, მოიპოვა მანდატების 75%-ზე მეტი.

ამის მიზეზი მაჟორიტარული ოლქები იყო. წარმოიდგინეთ ჰიპოტეტური შემთხვევა, როცა 100 ოლქიდან პარტია A ასივეში ხმების 51% პროცენტს იღებს, ხოლო პარტია B ასივეში ხმების 49%-ს. ასეთ შემთხვევაში, გამოვა, რომ პარტია, რომელსაც ამომრჩევლის 51% უჭერდა მხარს, მიიღებს 100 მანდატს, ხოლო პარტია, რომელსაც 49%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, არცერთი დეპუტატით არ იქნება წარმოდგენილი. ამგვარად, მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს არაპროპორციულობას ხმებისა და მანდატების რაოდენობას შორის.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, 150-ივე მანდატი შეივსება პარტიული სიებიდან. ამგვარად, პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მეტად პროპორციული იქნება.

მაგალითისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულად რომ ჩატარებულიყო, 5%-იანი ბარიერით, ქართული ოცნება მიიღებდა 115-ის ნაცვლად 83 მანდატს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას გამორიცხავდა. უფრო ძლიერი იქნებოდა ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ხმების 27.11% მიიღო, პარლამენტში 50 დეპუტატს შეიყვანდა 27-ის მაგივრად, ხოლო პატრიოტთა ალიანსს (ხმების 5.01%) 17 დეპუტატი ეყოლებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები