ომბუდსმენი: არაერთი კადრი მიუთითებს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 20 ივნისის აქციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძალის გამოყენებამდე, აქციის მონაწილეები მკაფიო და გასაგები ფორმით არ გაუფრთხილებიათ სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. ასევე, აქციის მონაწილეებისთვის პოლიციას გონივრული დრო არ მიუცია.

"ამასთან, მედიით გავრცელებული არაერთი ინციდენტის ამსახველი კადრი (მაგ., რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა თავის არეში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ) მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება, აგრეთვე, დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებითა და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალით. ყოველივე აღნიშნული საჭიროებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან დროულ და ეფექტიან გამოძიებას.

ცალკე შეფასების საგანია მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეწყვეტის შედეგად დაშავდა მედიის 33 წარმომადგენელი. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ" - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები მივიდნენ თბილისის 6 საავადმყოფოში; შეხვდნენ და ესაუბრნენ ექიმებს, კლინიკის ადმინისტრაციასა და აქციის დაშლისას დაშავებულ მოქალაქეებს.

"ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებულია თავის და ზედა კიდურების არეში, მათ შორის გაბნეული ჭრილობები. რამდენიმე მათგანი რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიყენებული დაზიანებები არ იყო თანხვედრაში რეზინის ტყვიებით მიყენებულ ტიპიურ დაზიანებებთან და საჭიროებს შემდგომ შეფასებას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. 21 ივნისის 15:00 საათის მონაცემებით, სასამართლოში რეგისტრირებული იყო 310 დაკავებული. უმრავლესობასთან მოხერხდა გასაუბრება და ასევე დავესწარით მათ სასამართლო პროცესებს. სამწუხაროდ, საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება, საქმის გონივრულ ვადებში განხილვა. სხდომების მიმდინარეობისას არის სმენადობის (უმეტეს შემთხვევაში გათიშულია დინამიკები) სერიოზული პრობლემა, რითიც ირღვევა სხდომების საჯაროობის პრინციპი" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე;
  • დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო

საქართველოს მთავრობას

  • აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად;

თბილისის საქალაქო სასამართლოს

  • აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად

"სახალხო დამცველი აგრძელებს როგორც სამართალდამცავთა მხრიდან აქციის შეწყვეტისას ზემოხსენებული პრინციპების სავარაუდო დარღვევისა და ძალის გადამეტების შემთხვევების, ისე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დეტალურ შესწავლას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

 

კომენტარები