რუსეთ-საქართველო

საგარეო უწყება: თბილისის სტუმრებს, მათ შორის რუს ტურისტებს, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში. საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ".

ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ეუთოს ინფორმირება" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებისგან ქვეყანაში მყოფი რუსეთის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს მოითხოვა. 

"თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია Россия 24-ის გადამღებ ჯგუფზე ადილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობა. იქამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში დაშავდნენ მთელი რიგი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უპირობო უსაფრთხოება.

ველოდებით შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან მედიის საკითხებში ჰარლემ დეზირისგან.

ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები