ლიბერალი

შავერდაშვილი ლიბერალიდან გუნდის წასვლაზე: ახალი გუნდის ფორმირებას ვაგრძელებ

შორენა შავერდაშვილი
შავერდაშვილის facebook გვერდი

გამოცემა ლიბერალის მფლობელი, შორენა შავერდაშვილი ლიბერალიდან მთელი გუნდის წასვლის შემდეგ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ლიბერალის გამოცემას აგრძელებს.

"ძვირფასო ჟურნალისტებო და "ლიბერალის" გულშემატკივრებო,
ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ აქაც დავწერ, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ საჯარო განცხადებას არ ვაქვეყნებ.


ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ "ლიბერალი" და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც.


სწორედ ასე პოზიციონირდა "ლიბერალი" 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა. 


ამ პრინციპეპზე დაყრდნობით ვაგრძელებ "ლიბერალის" გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, "ლიბერალს" ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა.
მიხარია, რომ "ლიბერალის" (იქამდე კი "ცხელი შოკოლადის") წიაღში გამოიზარდა ჟურნალისტების და საინტერესო ავტორების უკვე არაერთი თაობა, ვინც მკითხველის ნდობა მოიპოვა და დღემდე აგრძელებს "საჯარო სიკეთის" სამსახურს, სხვადასხვა ფრონტზე. 
რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადჰყო, მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ ლიბერალის უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც! მომავალი მათია!", - წერს შავერდაშვილი.

ლიბერალის რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა დღეს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ: "რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა".

კომენტარები