მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ყველა, ვინც უბარიერო პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება ან სულელია ან ნაყიდი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 24 ივნისის ბრიფინგს ეხმაურება, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები 0%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული. 

"ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. ე.ი. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე, რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან "გააიასნოს" სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად. ერთი რამ სრულიად ნათელია - ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,"- ამბობს სააკაშვილი. 

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

4-დღიანი დუმილის შემდეგ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის - 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაპირდა. ივანიშვილისვე თქმით, არჩევნები 0%-იანი ბარიერით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ბარიერის გაუქმებას არ ითხოვდნენ. 

ამასთან, ივანიშვილს არაფერი უთქვამს აქციის დანარჩენ ორ მოთხოვნაზე - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენებასა და იმ ადამიანების დაუყონებლივ გათავისუფლებაზე, რომლებიც 21 ივნისის ღამით დააკავეს. 

კომენტარები