ელენე ხოშტარია

ხოშტარია: აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას მოეშვას ვაჭრობას და გადააყენოს გიორგი გახარია. მისი თქმით, ის არის არსებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი.

"აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ერთი დღე ისინი ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ის არის მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო, ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ჩვენ ვნახეთ კადრები, როცა ხელგაშლილ ადამიანებს, მშვიდობიან ადამიანებს ესროდნენ პირდაპირ, ბაღებში დასდევდნენ და ეს ვერ შერჩება შინაგან საქმეთა მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი და პასუხისმგებელი. ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია", - თქვა ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ აქციების მონაწილეებს, დაშავებულებს და დაკავებულებს მიულოცა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე მათი მოთხოვნის შესრულება.

"დღეს ქართულმა საზოგადოებამ, თავისუფალმა საზოგადოებამ, თავისუფლების მომთხოვნმა საზოგადოებამ მიაღწია ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნა ხოშტარიამ.

მან ასევე თქვა, რომ პარტია კონსულტაციებს გაივლის სამოქალაქო აქტვისტებთან და აქციის ორგანიზატორებთან. 

"არავის ეგონოს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია უბრალოდ ქულების დაწერით და თავისი ეგოისტური ინტერესით გააგრძელებს ამ პროცესს", - თქვა დეპუტატმა.

კომენტარები