სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი სიმბოლურად აუხვიეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი აუხვიეს, იმის მანიშნებლად, რომ 21 ივნისის ღამით სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი აქციის რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დარბევისას 2-მა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. 

ეს ბიუსტი პირველად პარლამენტის შენობის წინ 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბების, ბასიანისა და ხიდის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დარბევიდან 1 წლის თავზე დადგეს. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები